მდინარაძე: აშშ-ს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ - ეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, “რუსეთზე, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების რისკებს შეამცირებს.” ამის შესახებ მან ამერიკის მაგალითზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იყოს მეტ ქვეყანასთან. შესაბამისად, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, არა რუსეთზე და ოკუპანტ ქვეყანაზე, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს.

ხომ ასეა? მით უმეტეს, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების რისკებს ამცირებს. ხომ არ ზრდი? მაგალითად, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში რომ ღრმად შევდივართ და სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ეს ამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას თუ ზრდის? ხომ ამცირებს?

თუ აშშ-ს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამდენი ხანია ასე ვუწოდებთ და ასე გავაგრძელებთ, მაგრამ, რომ ვსაყვედურობთ, ხომ არ დაგვიმალავს ეს? ვსაყვედურობთ, ჩვენს მეგობრებს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ ან რაღაც ვქნათ.


არავის ვაყვედრით, მაგრამ ჩვენი სამხედრო ძალები, მხარდამხარ იბრძვიან ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად და ამხელა კონტრიბუცია რომ აქვს, საქართველოს, NATO-ს არაწევრ ქვეყანას, ისეთი არცერთს არ აქვს. 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა, 300-ზე მეტი დასახიჩრებული და დაჭრილი გვყავს. რაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, პატარა, თავმოყვარე ქვეყანას, ვაკეთებთ მათ გვერდიგვერდ, მაგრამ შედეგები ჩვენც გვინდა. ამას ამერიკაზე თავდასხმად აფასებენ თქვენი წარმომადგენლები, მაგალითად, ხაზარაძე იქნება ეს თუ “ნაცმოძრაობის” სხვა წარმომადგენლები. თავდასხმა კი არა, ხაზს ვუსვამთ, მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით,” - განაცხადა მდინარაძემ.