სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გასული წლის ბოლოს საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი მნიშვნელოვანია და მას არამარტო რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.“
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი კობახიძე წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
„6 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობათაშორისი კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.
მაქვს საშუალება, ახლა განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არამხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა.
წინა წელს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთი მზადაა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს. ერევანი ელის, რომ მეორე მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება იქნება.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმაათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, [ასევე] ალმაათის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ, ორივე ქვეყანას შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ურთიერთობების დალაგება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან.
საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.