მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 26 მარტს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს.
რუსეთი ინასარიძეს 2022 წლის ოქტომბერში, ყირიმის ხიდზე „ტერაქტის“ მოწყობაში ადანაშაულებს. „ტასის" ცნობით, ანალოგიური ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ოთხი დღის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ორგანიზებული ტერაქტის" გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და დაადგინა თანამონაწილეები, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა.
რუსეთის უშიშროების სამსახურის მაშინდელ ოფიციალურ ინფორმაციაში ალექსანდრე ინასარიძე მოხსენიებული იყო სანდრო ინოსარიძედ, მეორე პირი კი - ბროკერად, რომლის სახელი ლევანია.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს.
2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი.
უკრაინამ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.