,,ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - ამ ლოზუნგით და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ,,მოძრაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ საპროტესტო აქცია მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეები ,,ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ყველა ფიგურანტი პასუხისგებაში მიეცეს.
როგორც აქცია მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზაციის ლიდერი ალიკა კუპრავა აცხადებს, პრემიერმა ძალადობის ორგანიზებისთვის პასუხი უნდა აგოს და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფნა უნდა დასრულდეს.
,,მივდივართ ივანიშვილის სასახლესთან, იმიტომ, რომ ყველანაირი ბოროტების სათავე არის ივანიშვილი და მისი ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერ-მინისტრმა უნდა აგოს პასუხი იმ ძალადობის ორგანიზებისთვის, რის გამოც ადამიანებს ქვეყნიდან უწევდათ წასვლა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და უნდა დასრულდეს მათი ყოფნა ხელისუფლებაში”, - განაცხადა კუპრავამ.
აღსანიშნავია, რომ დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაგეგმილია კიდევ ერთი საპროტესტ აქცია, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.