ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს პარლამენტში ჰესებთან დაკავშირებით მოუსმენენ

9 მარტს, პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ჰესებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან და კონკრეტულად, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი.

პეტიციაში ნათქვამია, რომ არც ონის და არც ნამახვანის კასკადის პროექტებში სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ხეობაში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საკითხის საპარლამენტო რეჟიმში განიხილება.