ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ის და ყაჩაღის შემდეგ, ჯალათი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა.

ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი.

„წარმოიდგინეთ, ამით რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ფედერალური დეფიციტის ფუნდამენტურად შემცირებას შევძლებთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის, უკრაინას იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა.

განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრის დროს გააკეთა.


ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს.

მან კონგრესმენებს მოუწოდა პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია.

შეგახსენებთ, საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.