თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მისი ბრალდების საქმეს საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს.
პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ქართული სასამართლო სისტემისთვის სამარცხვინოა, რადგან მისი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
„მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, რადგან ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული," - განაცხადა ბაჩიაშვილმა.