საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან. 26 მარტს, საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. ისტორიული გამარჯვების მონაწილეები ემოციური კომენტარებით გამოირჩეოდნენ:
ხვიჩა კვარაცხელია:
„ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ არაუშავს, ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს. თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყავით.“
„მინდა, გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში!“ - ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები - ქომაგებმა და ფეხბურთელებმა გამარჯვება ერთად იზეიმეს.
რესპუბლიკის მოედანზე განთავსებული სცენიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ნაკრების წევრს ოთარ კიტეიშვილს დაბადების დღე მიულოცეს. ფეხბურთელებმა სადღესასწაულო სიმღერა შეასრულეს და ფეხბურთელი ხელში აიტაცეს.
მატჩის ერთ-ერთი გმირი, ნახევარმცველი ნიკოლოზ კვეკვესკირია, რომელმაც საბერძნეთთან მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში უკანასკნელი, გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვება მოუპოვა:
"ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო, რომელიც ლოგიკურად დასრულდა. ორი თანაბარი გუნდი იყო და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ასეთი ფინალი უფრო საინტერესო და ტკბილია. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, ჩემი თანაგუნდელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა. ჩემს თავში ხმაურიანი სიჩუმე იყო და ვერ გავიგე, რა ხდებოდა..." - თქვა კვეკვესკირმა ფინალის დასრულების შემდეგ.
გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართან ერთად, ნაკრებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რომლის ფონზეც ისმოდა კვეკვესკირის და სხვების შეძახილები "აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“
- „ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო- მეთქი". ( წყარო: ჟურნალი "ზუგდიდელები“ N 3. 2007 წ.)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ განაცხადა:
„ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია.
რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან – არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო.
მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს.
პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანი არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა.“
სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ კვეკვესკირმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა:
„აუცილებლად მინდა აღვნიშნო კვეკვესკირი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტს ტიროდა. მას არ უწევს ბევრი თამაში, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითია ეს ყველაფერი, ძლიერი ხასიათი აჩვენა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს!"