8 მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება, მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან კვებით დაწესებულებებში შიდა სივრცეებიც იფუნქციონირებენ, პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება შეზღუდვად რჩება.
როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ორშაბათიდან გარე სივრცეებთან ერთად შიდა სივრცეებიც იფუნქციონირებს, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩება.
,,როგორც ვიცით, დღეის მდგომარეობით, შიდა სივრცეების ფუნქციონირება არის აკრძალული, ამიტომ 8 მარტიდან იხსნება. შაბათ-კვირის გარდა, მათი ფუნქციონირება დასაშვები იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას“, – განაცხადა ფერაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ შრომის ინსპექცია აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს და თუკი ეპიდმდგომარეობის თვალსაზრისით დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდება, შესაძლოა, შაბათ-კვირის შეზღუდვაც მოიხსნას.
,,კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ გვაქვს დადებითი დინამიკა ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელივანია, შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა. ამიტომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს განვახორციელებთ. ორ კვირაში დაკვირვების შედეგად თუ გვექნება შემსუბუქების შესაძლებლობა, შაბათ-კვირის შეზღუდვებიც იქნება მოხსნილი.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირი არის დარღვევები, როცა სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რომელიც არის აკრძალული. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში თავშეყრა ხდება და ასეთ დროს დაყოვნების ხარისხი არის ძალიან დიდი", - განაცხადა ფერაძემ.