პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარეს გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ გააჩნია, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კადრებში, რომელიც პოლიციის მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ჩანს ლაზარე გრიგორიადისი.
„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის არსებითი განხილვის დროს არაერთი მტკიცებულება გამოიკვეთა, როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასვე მოწმეებმა მისცეს ჩვენება სასამართლო პროცესზე. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ,” - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, დაცვის მხარეს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.
როგორც მან ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, დაცვის მხარე მეორე დღესვე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
„დაცვის მხარე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აპელირებდა, რომ პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს წარმოდგენილი საერთოდ არ აქვს, რომელიც ლაზარე გრიგორიადიდის ბრალეულობას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, მოცემული საქმე იმდენად პოლიტიკურია, ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს. მსჯავრდებულს მერე რჩება უფლება, რომ შეწყალების თხოვნით მეორე დღესვე მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. თუ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს,” - განაცხადა ადვოკატმა.
ოჯახი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
როგორც ბრალდებულის დედამ თამთა კალანდაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მისი შვილი მთავრობის ტყვეა.
„ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7-9 მარტს აქციებზე, მაგრამ მან, ალბათ, თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგანაც ვიღაც ერთი სჭირდებოდათ, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და უკვე ერთი წელია ლაზარე საპყრობილეშია. ვფიქრობ, ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. კადრებში ლაზარე არის, მაგრამ პროკურატურა ვერ ამტკიცებს, რომ ლაზარე “მოლოტოვის” ისვრის და მანქანას წვავს,” - განაცხადა თამთა კალანდაძემ.
ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან."
მისივე თქმით, თუ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართავს.
“სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, რომ ლაზარე შეიწყალოს. იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ აქვს გამოძიებას, რომ ეს დანაშაული ლაზარემ ჩაიდინა. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა. ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კადრებში ჩემი თვალით რაც დავინახე, იქ ლაზარე საერთოდ არ ჩანს. არ არსებობს ისეთი კადრი, სადაც ლაზარე ან “მოლოტივის კოქტეილს” ისვრის ან მანქანას ცეცხლს უკიდებს”, - განაცხადა გია კალანდაძემ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.