ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.


მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდებით ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა მიზეზი არ აქვს, რის გამოც, შესაძლოა, ის სხდომაზე არ გამოცხადდეს და ამიტომ, ონლაინ მოხდეს მისი ჩართვა.

„ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება,” - განაცხადა ზვიად შარაძემ.


გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად. „ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს და თავისი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება. ამიტომ, გადაწყვიტა, და მგონი ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ. მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა და დაველოდებით ახლა 8 აპრილს. აღნიშნული ემსახურება იმას, რომ ყოველთვის გვაჩვენონ, რომ "ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ და ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნება."

მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, დაველოდოთ 8 აპრილს. თუმცა, თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილ," - განაცხადა ბრალდებულის დედამ.

სასამართლო 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.