ოკუოპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივთა გასახლებას გეგმავს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
როგორც ადილობრივი ტელეგრამ არხი 9Абхазский Портал) წერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუხ ნანბა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ 26 მარტს შეხვდა.
ტელეგრამ არხისვე ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჯანსუხ ნანბასთან უკმაყოფილება გამოთქვა მათი გადასახლების განცხადებასთან დაკავშირებით.
„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ კომპენსაციის შემთხვევაშიც კი, ამას ყველა არ ეთანხმება,“ — აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან, დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაციაც ამოიღო
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.