უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება.
ორშაბათიდან რეგულაციები მოიხსნება შემდეგ შეზღუდვებზე:
1. სამთო კურორტები და საბაგიროები - ხვალიდან ზამთრის კურორტები და საბაგიროები განაახლებენ მუშაობას. მას შემდეგ, რაც 2020 წლის 16 მარტს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზამთრის კურორტები დაეხურა, ამ დრომდე კურორტები არ ფუნქციონირებდა.
2. რესტორნების შიდა სივრცეები - 8 მარტიდან კიდევ ერთი შეზღუდვა იხსნება რესტორნების შიდა სივრცეებზე. კვებითი ობიექტები ხვალიდან (შაბათ-კვირის გარდა) სტუმრებს შიდა სივრცეებშიც უმასპინძლებენ.
ჯერჯერობით სარესტორნო და კვებით დაწესებულებებთან დაკავშირებით, პირველ აპრილამდე ძალაში რჩება ცოცხალი მუსიკის შეზღუდვა.
3. სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ორშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები ყოველდღიურად იფუნქციონირებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1 მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.
ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.