რომის პაპი ერაყში, იმ რეგიონში ჩავიდა, რომელიც სამი წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო

ერაყში რომის პაპის ისტორიულ ვიზიტის მესამე დღეა. დღეს ის ქალაქ მოსულში ჩავიდა. 84 წლის პაპმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცა, რომელიც 2017 წელს, „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) გაანადგურა.

მლოცველები შეიკრიბნენ ეკლესიის ეზოში, რომელიც ერთ-ერთი უძველესია იმ 14 ეკლესიას შორის, რომლებიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაანადგურა.

პაპმა სთხოვა ერაყელ, ახლოაღმოსავლელ ქრისტიანებს, დარჩნენ სამშობლოში. პაპის თქმით, ქრისტიანთა „ტრაგიკული“ გამოსვლა რეგიონიდან არამხოლოდ საკუთრივ მათ და მათ თემს, არამედ იმ საზოგადოებასაც აყენებს ზიანს, რომელსაც ტოვებენ.

მოსულში ლოცვის შემდეგ პაპი ქარაქოშში ქრისტიანებს შეხვდა. პაპი ირბილში, მასობრივი მესის ჩასატარებლად ჩავა. ფრანცისკე სტადიონზე იქადაგებს და მის მოსასმენად სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი მივა.

რომის პაპმა უკვე იქადაგა იმის შესახებ, რომ რელიგიის სახელით ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს.

„მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. მართლაც, ერთმნიშვნელოვნად გვეძახიან ყველანაირი გაუგებრობის გასაფანტად. ნუ დაუშვებთ, რომ ცის სინათლე დაჩრდილოს სიძულვილის ღრუბლებმა“, - განაცხადა რომის პაპმა.