საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო უწყებას აკრიტიკებს. ზურაბიშვილის თქმით, მთავრობის მხრიდან „არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს“ იმისათვის, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, უცხოეთში მყოფმა ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა.
მან აღნიშნა, რომ საგარეო უწყებასა და ცესკოს შორის ერთგვარი პინგ-პონგია, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს, რაც, პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანი ხარვეზია.
„მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ.საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადმოსცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ეტაპზე ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის დამოკიდებული საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, სიების გადაცემა ცესკო-სთვის. მისივე თქმით, ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა საჭირო.
„კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ - მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“ - ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო. ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ზურაბიშვილის თქმით, კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ საარჩევნო უბანი გაიხსნას.
„მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით. კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ "არა, შეუძლებელია", ხან "რესურსები არ გვაქვს", ხან "ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო". ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის მიერ დღეს ჩატარებულ შეხვედრას, მედიასთან გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი.
„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რატომ, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა.
შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს. ეს ერთი და მეორე, მას არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე და პრობლემა. რა თქმა უდნა, ის ამას ვერ მიაღწევს. ის სპეკულაციებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანიას შეუერთდა დღეს სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს,“ - განაცხადა პრემიერმა.