ბელგოროდის სკოლის მოსწავლეები დაბომბვის გამო ონლაინ სწავლაზე გადავლენ

ბელგოროდის, იაკოვლევსკის რაიონისა და ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონების სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლომდე ონლაინ სწავლებაზე გადავლენ. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო საზღვრიდან 30-კილომეტრიან ზონაში კლუბებში და განყოფილებებში გაკვეთილების ჩატარება შეუძლებელია,“ - აღნიშნა გლადკოვმა.


„ხელისუფლებამ ასევე დაუშვა ქალაქში სავაჭრო ცენტრების გახსნა, რომელთა ფუნქციონირება მარტის შუა რიცხვებში შეჩერდა დაბომბვის გამო. ოღონდ გარკვეული პირობებით,“ წერს გუბერნატორი.


მარტის შუა რიცხვებში, რეგიონში დაბომბვის გამო, სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები ადრე გამოცხადდა. ზოგიერთი ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა: ქალაქის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 5000 ბავშვი გაგზავნეს სხვა რეგიონებში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, ბელგოროდის რეგიონში თავდასხმები გახშირდა. უკრაინა პირდაპირ მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა კიევში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს რუსი მოხალისეები აწარმოებენ.


ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“ 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ამ შეიარაღებული ფორმირებების წევრები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო და სკოლებში სასწავლო პროცესი შეეჩერებინა.