„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო მის დეკლარაციებს ყოველ წელს ამოწმებს და არცერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მას პასუხი არ გაუცია.
„ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება არამხოლოდ უშუალოდ ბიუროს მიერ, არამედ იცით, რომ იქ ამის კომისიაა. არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია.
ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორ თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა.
მამაჩემი შეიძლება, პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიარო ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით, საჯარო ინფორმაციაა,“ – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება. კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის დეკლარაცია დადებითად შეფასდა.
„ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია დადებითად შეფასდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე შესამოწმებელ პირთა სიაში დასახელებული არის და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება," - განაცხადა კუპრაშვილმა.
დაინტერესდა თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული ავიარეისების საკითხის შესწავლით, რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებებსაც ეცნობა და ეს საკითხიც შემოწმდება.
„რაც შეეხება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებს და ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ, ნებისმიერი განცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყურს ვადევნებთ როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ისე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაცოებს. რაც შეეხება თავად ამ დეკლარაციის შინაარსს, ბატონი ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილი არის გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წელს შემოწმდება, მათ შორის, თქვენ მიერ დასახელებულ ამ ნაწილშიც," - განაცხადა კუპრაშვილმა.