მოლდოვაში აშშ-სა და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წვრთნები დაიწყო

პირველ აპრილს, მოლდოვის ეროვნული არმიის საწვრთნელ პოლიგონზე საერთაშორისო სწავლება JCET 2024 (Joint Combined Exchange Training) რუმინეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით დაიწყო. მოლდოვის ეროვნული არმიის სასწავლო გეგმის მიხედვით, წვრთნები 19 აპრილამდე გაგრძელდება. წვრთნა მოლდოვის არმიის სასწავლო ცენტრებსა და საწვრთნელ მოედნებზე ჩატარდება.


ეროვნულმა არმიამ აღნიშნა, რომ წვრთნებში წელს სახელმწიფო დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურისა და პანტერას სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან.

„სწავლების მიზანია ერთობლივი წვრთნა და გამოცდილების გაცვლა მოლდოვას, რუმინულ და ამერიკულ სპეცრაზმებს შორის, ასევე - ღონისძიებებში მონაწილე კონტიგენტებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება,“ - აღნიშნავს მოლდოვური მხარე.

არმიამ ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ამ წვრთნებში ჩართული სამხედრო ტექნიკა უახლოეს დღეებში ქვეყნის გზებზე იმოძრავებს.