ირაკლი კობახიძე: უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისას ვერ იშლის, უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა.

მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა" მორალურად ვერასოდეს ამაღლდება და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისას ვერ იშლის. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის“ სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“, – წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ში.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.