მოლდოვის ენერგეტიკულმა კომპანიამ Energocom-მა პირველ აპრილს განაცხადა, რომ აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პირველი სატესტო მოცულობის იმპორტს განახორციელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Newsmaker-ი იუწყება.
როგორც Energocom-ის ხელმძღვანელმა ვიქტორ ბრინზარმა განაცხადა, პირველ და 2 აპრილს მოლდოვა საბერძნეთის ალექსანდროპოლისის პორტიდან დღეში 14 ათასი მეგავატ/სთ ბუნებრივ აირს მიიღებს.
„ეს არის 2,6 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექვივალენტი კონკურენტულ ფასში. თუ შევთანხმდებით ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მოქალაქეებს შევატყობინებთ," - აღნიშნა ბრინზარმა. ამავე დროს, ბრინზარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ LNG ტრანსპორტირება რუსული გაზის კარგი ალტერნატივაა.
„გაზის წყაროების დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას," - თქვა Energocom-ის ხელმძღვანელმა და გაიხსენა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. უკრაინის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს არ აპირებდა.