საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას. თალაკვაძის თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა მონაწილეობა დღეს არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში და მმართველი გუნდისთვის, ეს ცვლილება უკვე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა დაებლოკათ. უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ექნება სრული თავისუფლება, რომ თავისი პარტიული სია მეტი ქალით დააკომპლექტოს.
„ჩვენი როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის, მათი მონაწილეობის მიმართ, არ შესუსტდება. პირიქით, მომავალში გაიზრდება ეს მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციის ამ ინიციატივას, მინდა რამდენიმე არგუმენტი ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. პირველი - როცა კვოტირების პრინციპი მივიღეთ თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო დროებითი ზომა, რომ მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა. მეორე - მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება იქნებოდა მხარდაჭერილი და მიღებული, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, რომ დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით. "ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაშიც "ქართულ ოცნებას" ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა.
მესამე - "ქართულმა ოცნებამ", ჩვენ უკვე შევქმენით ქალთა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით ბევრ წარმატებულ ქალს, ვინც ჩართულია პოლიტიკაში. მათი ხმა ისმის უფრო ძლიერად და მათი მონაწილეობა არის დღეს არსებითად უფრო მაღალი, ვიდრე წარსულში. რეალურად, ჩვენთვის რეალურად, ეს ცვლილება არ არის უკვე იმდენად მნიშვნელოვანი რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ.
გარდა ამისა, იცით რომ არჩევნების ნეიტრალურად მაღალი სანდოობით გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭირო არის უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტი დღეს არის სწორედ ეს, რომ ცესკოს დაკომპლექტების პროცესში იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და "გირჩმა" უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება," - განაცხადა თალაკვაძემ.
პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე კოლეგებს აცნობა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, როგორც დავითულიანის განცხადებიდან ჩანს, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს.
„პირველ რიგში, „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაგო დამეთანხმება, შედგა უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია. პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეთანხმება უმრავლესობა, ასევე ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. უმრავლესობის და ფრაქციის პოზიცია ასეთია.
ამავდროულად, ერთ რემარკას გავაკეთებ, რომ სამაგიეროდ, „გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს არჩევას, აქ ისინი [„გირჩის“ წევრები] იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე დამოკიდებული და არ იქნება გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის [გამოყენებული]“, - თქვა ბექა დავითულიანმა.
ბიუროს სხდომაზე იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. მან ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს „მორალურად მნიშვნელოვანი" უწოდა.
„მე მინდა, პირველ რიგში მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველად, როგორც იქნა, რაღაც თვალსაზრისით, შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. ამ, ჩემი აზრით, მორალურად ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მე მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებული რეალობით, გამოდის, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, ვაღიარეთ, რომ ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში ან წარსულში და ეს არის ჩვენი წინაპრების უპატივცემლობა, ან ცოტა მერე, ან დღეს გვაქვს ქალთა ჩაგვრა", - აღნიშნა ხვიჩიამ.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კი იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „[შეთანხმება] პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობასაც მივესალმებით, ოღონდ, სხვა ვაჭრობისგან განსხვავებით, ჩვენი ვაჭრობა ყოველთვის ხდება საჯაროდ. ჩვენმა მაყურებელმა კაი ხანია იცის, რომ ჩვენ ეს გავცვალეთ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერაში. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენ ისედაც ვუჭერდით მხარს, ისე რომ საერთოდ არაფერში გაგვიცვლია. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ის, რისთვისაც ვიბრძოდით საკონსტიტუციო სასამართლოში, გამოგვევაჭრებინა „ოცნებისგან.“
„ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, პარტიული სიის შედგენისას "ლელო" მაინც დღევანდელ კანონმდებლობაში მოცემული პრინციპით იხელმძღვანელებს.
„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზით არის დადგენილი... ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე. გავა წლები და ეს საჭირო არ იქნება. ამასობაში, დღეიდან მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი, იმიტომ რომ „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ იქნებოდა „ოცნების“ პოლიტიკური განზრახულობა," - განაცხადა უსუფაშვილმა.
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.