სუსი: ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. ამის შესახებ Europetime-ს უწყებაში განუცხადეს.

,,ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა.

7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა", - აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცნობისთვის, დღეს საღამოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს.