აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც „ჰავანის სინდრომის“ რუსეთთან კავშირებზე მიუთითებს. სპიკერმა მეთიუ მილერმა კონკრეტული ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა და დაზარალებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება რჩება მდივნის უმთავრეს პრიორიტეტად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დაზარალებულთა დასახმარებლად,“ აღნიშნა მილერმა.
არიან თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროში დარწმუნებულნი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იწვევს „ჰავანის სინდრომს?“
„2023 წლის მარტიდან დაზვერვის საზოგადოების ფართო დასკვნაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ჯანმრთელობის ამ „ანომალიურ ინციდენტებზე.“ ეს არის ის, რაც დაზვერვის საზოგადოებამ ინტენსიურად გამოიძია და აგრძელებს შესწავლას. ჩვენ შევხედავთ ახალ ინფორმაციას და გავაკეთებთ შეფასებებს სახელმწიფო დეპარტამენტში და ჩვენი დაზვერვის საზოგადოების კოლეგებთან ერთად,“ უპასუხა მილერმა ხსენებულ შეკითხვას.
მანამდე, პენტაგონის მაღალჩინოსანს, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს შარშანდელ სამიტს ესწრებოდა, „ჰავანის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. AP-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა განაცხადა.
ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა.