ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებზე: ეს იყო გამიზნული პროვოკაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები გამიზნული პროვოკაციაა და ამ ჩანაწერს ,,იუმორის გარეშე ვერ მიიღებს".

როგორც ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი აცხადებს, რომ საზოგადოება შეაფასებს ამ ბრალდებას.

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება - ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების", - განაცხადა ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.