NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიან სმიტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებისთვის ონლაინ ბრიფინგი გამართა. მან სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა ალიანსის გენმდივნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. სმიტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ძალიან ღირებულია.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე ამყარებენ ურთიერთობებს NATO-სთან, თუმცა სმიტმა აქვე აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორი არ ცდილობს ალიანსში გაწევრიანებას.
NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გახდეს ალიანსის ნაწილი.
„გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კავკასიის რეგიონში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო. მან შეძლო რამდენიმე სხვადასხვა დედაქალაქის მონახულება. და ეს უფრო ფართოდ მეტყველებს NATO-ს პარტნიორობის ღირებულებაზე. ეს არის ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს ურთიერთობა NATO-ს ალიანსთან. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.
რა თქმა უნდა, გახსოვთ, 2008 წელს ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინაც და საქართველოც გახდებიან ალიანსის წევრები და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან ერთად საქართველოში იმ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა მათი გაწევრიანების მისწრაფებებისთვის.
მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ეძებენ გზებს NATO-ს ალიანსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეს მეტყველებს ამ პარტნიორობის ღირებულებაზე, სადაც ყველა პარტნიორი თავისთავად არ ისწრაფვის გაწევრიანებისკენ, მაგრამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის მოკავშირეებთან შეხვედრა ძალიან სასარგებლოა, რათა განიხილებოდეს უსაფრთხოების ზოგიერთი ჩვენი საერთო გამოწვევა, იქნება ეს დეზინფორმაციის თუ კიბერშეტევების ან საზღვაო უსაფრთხოების საკითხები. არის მთელი რიგი თემები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, და ჩვენი მეგობრებისთვის კავკასიაში ცხადია, რომ ისინი ნამდვილ ღირებულებით პარტნიორობას პოულობენ ალიანსთან და ეჭვგარეშეა, რომ NATO-ს მოკავშირეებისთვისაც ღირებულია ეს პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯულიან სმიტმა.