აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, ბაიდენმა გაიმეორა „რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები რუსეთთან და ირანთან, როგორც უკრაინის ომის გარშემო, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არეულობის ფონზე.“
„ინტენსიური კონკურენცია მოითხოვს ინტენსიურ დიპლომატიას დაძაბულობის სამართავად, არასწორი აღქმისა და გაუთვალისწინებელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს ზარიც ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა," - აღნიშნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ შეეცდებოდნენ კომუნიკაციის ხაზის შენარჩუნებას და რომ ორივე მხარე აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რათა რეალურად, ურთიერთობები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მართონ.”
ბაიდენი და სი ძინპინი ბოლოს, კალიფორნიაში 2023 წლის ნოემბერში შეხვდნენ.
პეკინი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან, ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აფერხებს დასავლეთის მცდელობებს, მოახდინოს რუსეთის იზოლაცია.
უკრაინა პეკინთან ღია დიპლომატიურ არხებს ინარჩუნებს, ხოლო დასავლელი ოფიციალური პირები პეკინს მოუწოდებენ, გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვზე, რათა კრემლმა უკრაინაში ომი დაასრულოს.
ბაიდენის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი, ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი ჩინეთში ოთხშაბათს გაემგზავრება, რათა გამართოს პირისპირ შეხვედრები თავის კოლეგებთან ხუთი დღის განმავლობაში/ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ასევე გეგმავს ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ბოლოს.
„უდავოდ, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები ახლა უფრო მყარ საფუძველზე დგას, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო,“ - განაცხადა სახაზინო სამსახურის მაღალჩინოსანმა პრესასთან საუბრისას.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ ურთიერთობაში არის ღრმა გამოწვევები და უთანხმოება,“ აღნიშნა მაღალჩინოსანმა.
სი ძინპინმა არ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და არაერთხელ შეიკავა თავი ომის შესახებ გაეროს რეზოლუციების კენჭისყრისგან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მარტში განაცხადა, რომ ჩინეთი არის "ძალა მშვიდობისთვის."
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა პირველ აპრილს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს, „ჩინეთმა გაუგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთს“ უკრაინაში მის ,მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამო. ჩინეთის ელჩმა შვეიცარიაში ვან შიჰტინმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ პეკინი განიხილავს მონაწილეობას შვეიცარიაში დაგეგმილ მომავალ მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო ფორმულას ეხება.