ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, “ქართული ოცნება“ "რუსული კანონის" შემობრუნებით რუსული ტიპის მმართველობას აბრუნებს.


„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის უკან სვლის საშუალება არ მივცეთ - ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას - ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ, როგორც არ უნდოდეთ გენდერული კვოტირების გაუქმება, ჩვენ კვლავ აქ ვართ! მნიშვნელოვანია, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს.“


„ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. “რუსული კანონის”დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს - უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს რომელსაც სურს, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში.


ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, “რომ ის მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ „რუსული კანონი“ და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი,” აღნიშნა აქუბარდიამ.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კიდევ ბევრს გააკეთებს ევროპული კურსის დაზიანების მიზნით.

„ქუჩაში გამოსვლის დროა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

გოცირიძე ასე გამოეხმაურა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას.


„მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ე.წ რუსული კანონის დაინიცირებას ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება და ეს მარტივად არ ჩაივლის.


„ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა. ფოცხი არის ასეთი რამ - სასოფლო- სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი გხვდება. „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს კიდევ დარეტიანდება თუ არა.

ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება.

ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი "ფარა" და არანაირი უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია,” - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი.

ვაშაძის თქმით, რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - “არ მინდა ევროკავშირი.” მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტია.


„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმარჯვებს ოპოზიცია - მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება. იმარჯვებს „ქართული ოცნება“ - მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, „მაძღარი“ ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს.


რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - არ მინდა ევროკავშირი. „ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისთვის და ყველასთვის, რომ - „თავი დაგვანებეთ.” მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.


პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა.“ მისი თქმით, პარტია „ახალი“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.


„დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო - გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად,“ – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ევროპული პერსპექტივა.

კრემლის დავალებები, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ! - "რუსული კანონი" არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში - არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, - ამის შესახებ კი, "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "რუსული კანონის" შესახებ ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაციის თავიდან გაცოცხლების დავალება კრემლიდან მიიღო, რადგან ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ხელი შეეშალოს.

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე.

ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ეს კანონი, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.

მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან. ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი. არ გაგატან. მთელი შენი ეს ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ, მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია.

შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერესს, შენ დაცალე ეს ქვეყანა, შენ უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ არ იხდი გადასახადებს ამ ქვეყანაში, შენ არ შემოგაქვს ინვესტიცია ამ ქვეყანაში, შენ გინდა მხოლოდ ერთი რამ და ეს არის ის, რომ შენ იყო უსაფრთხოდ ზღვის სანაპიროზე მოკალათებული და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული ქართველი ხალხის ხარჯზე. ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო," - განაცხადა ხაზარაძემ.

„ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში,“ - აცხადებს თავის მხრივ, “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის თქმით, როდესაც პირველად მოხვდა "რუსული" კანონის დაინიცირება, მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ, “ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო.

„ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყანაში. როდესაც პირველად მოხდა "რუსული" კანონის ინიცირება, ჩვენს მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ მათ უგულებელყვეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რეალურად, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთის, გავლენების შეზღუდვასთან.

მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა “ოცნების” ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ გაუტარა და ახლა მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პირველი მობილიზება იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც “ქართულ ოცნებას” შესაბამის პასუხს გასცემენ,” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
 
ცნობისთვის, მმართველი პარტია ხსენებულ კანონპროექტს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს.