მეგან მარკლის თქმით, სამეფო ოჯახმა მის ვაჟს ტიტული კანის ფერის გამო არ მისცა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს.

როგორც ოპრა უინფრისთან ტელეკომპანია СBS-თვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში მარკლი აცხადებს, სამეფო ოჯახმა იგი თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანა.

მარკლი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახში მისი შვილის კანის ფერს განიხილავდნენ.

მისივე თქმით, როცა პირველ შვილზე, არჩიზე ფეხმძიმედ იყო, სამეფო სახლში იყო შეშფოთება და საუბრები, თუ რამდენად მუქი იქნებოდა ბავშვის კანის ფერი და რომ მას არ ექნებოდა პრინცის ტიტული და დაცვა, რომლითაც სამეფო ოჯახის წევრები სარგებლობენ.

,,ეს ჰარისგან გადმომცეს, ეს იყო საუბრები, რომელიც ოჯახს მასთან ჰქონდა ", - აცხადებს ინტერვიუში მარკლი.

მან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ თავისი მეუღლის ძმის ცოლმა, ქეითმა ქორწილის წინ ატირა. პრინც ჰარის და მეგან მარკლის ბრიტანეთის დედოფალზე პირდაპირი ბრალდებები არ გაუჟღერებიათ.

„უბრალოდ აღარ მინდოდა მეცოცხლა, ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“, – თქვა მეგან მარკლიმ.

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს შემდეგ ბუკინგემის სასახლეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი ყოფილ მსახიობსა და ფოტომოდელზე, ამერიკელ მეგან მარკლზე 2018 წლის მაისში დაქორწინდა. 2019 წლის მაისში მათ შეეძინათ პირველი ვაჟი, არჩი. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან.

2020 წლის იანვარში, ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრთა ოფიციალური მოვალეობების შესრულებაზე და დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება გადაწყვიტეს.