ჰააგაში მიიღეს უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია, რომელსაც 44 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც შეუერთდა

44 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც 2 აპრილს, ჰააგაში მიიღეს.

44 სახელმწიფო მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას და გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას.

დეტალები: საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერეს ალბანეთმა, ანდორამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, მოლდოვამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმ, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სან მარინომ, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებული შტატებმა. კონფერენციაში სულ 57 ქვეყანა მონაწილეობდა.


დეკლარაცია გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. დოკუმენტის მხარდამჭერი ქვეყნები აუცილებლად მიიჩნევენ საერთო ძალისხმევის გაძლიერებას საერთაშორისო სამართლის დარღვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და ხაზს უსვამენ პროცესში უკვე ჩართული ყველა ინსტიტუტის, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლს.


დეკლარაციის მხარდამჭერი ქვეყნები ადასტურებენ, რომ იმუშავებენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელიც ჰააგის კონფერენციაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ თუ ორი წლის წინ სპეციალური ტრიბუნალის იდეა უარყოფილი იყო, დღეს უმრავლესობას მკაფიოდ ესმის, რომ ალტერნატივა არ არსებობს. კულებამ მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა. კულება დარწმუნებულია, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად სპეცტრიბუნალი რეალობად იქცევა.

სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა.