„არანაირ „რუსულ კანონს“ პარლამენტი არ იღებს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ“ - პაპუაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველა იმ დეპუტატს გაუთიშავდა მიკროფონს, რომელიც სიტყვებს „რუსულ კანონს“ ახსენებს.


მანმადე, პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „აგენტების კანონის“ პარლამენტში კიდევ ერთხელ შეტანით დეპუტატებსა და ხალხს  მმართველმა პარტიამ შეურაცხყოფა მიაყენა. ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა.


ასევე ხმაური მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხატია დეკანოიძის განცხადებას.

„ქალბატონო ხატია, მაინც შეგახსენებთ, რომ ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. არანაირ „რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტი არ იღებს. არც არასდროს მიღია და არც არასდროს მიიღებს. ეს პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ. დაივიწყეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეკანოიძეს მიმართა, რომ საქართველოს პარლამენტი არანაირ „რუსულ კანონს“ არ იღებს და არც არასდროს მიუღია.

როგორც დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ სურს, დემოკრატია დაანგრიოს და ქვეყანას მომავალი წაართვას.

„რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობა ჩვენ თავზე ზრუნვაა და საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობაა ჩაგრულ ადამიანებზე ზრუნვა. ჩაგრულ ქალებზე, ემიგრაციაზე და ყველა იმ ადამიანზე ზრუნვა, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის გადატეხვაც ახლა უნდა „ქართლ ოცნებას“ ახალი „რუსული კანონმდებლობის“ შემოტანით... თქვენ გინდათ, რომ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. ეს პოლიტიკური ძალა ხართ თქვენ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.