ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საინფორმაციო კამპანიას „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“ იწყებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საინფორმაციო კამპანია მარტის განმავლობაში გაგრძელდება.
კარლ ჰარცელის თქმით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად. ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას.
მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და მაინც, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია.
საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.
სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით ”ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო”. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით. მიზანი ნათელია, ისევე როგორც პოტენციალი. ჩვენ უბრალოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა. გილოცავთ ქალთა დღეს!“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, კამპანია „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“, ჩატარდება სოციალური მედიის მეშვეობით. კამპანია ხაზს გაუსვამს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ქალები ასრულებენ საქართველოში და, ასევე, წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე ისინი კვლავაც დგანან. კამპანია გაგვაცნობს ლიდერ ქალებს, წარმოგვიდგენს თუ როგორ უმკლავდებიან ქალები COVID-19-ით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, ასევე ხაზს გაუსვამს იმ სირთულეებს, რომლებიც კვლავაც აქტუალურია.