ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს.
„წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს,“ - წერენ ამერიკელი სენატორები ერთობლივ განცხადებაში.
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ, ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში.
„ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არამხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება“.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიცირეს.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია