სატელეკომუნიკაციო კომოანია „სილქნეტის“ კომპიუტერული სისტემიდან ათასობით მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხური. დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უწყების განცხადებით ირკვევა, რომ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით დაეუფლნენ 5000-მდე მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა. ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.