„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლა მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“ - ბლინკენი ალიევს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2 აპრილს პარიზში ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტყუილი თქვა, როდესაც დაადანაშაულა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაში.


მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ერთგულებას 2022 წელს პრაღის შეხვედრის დროს მიღებული განცხადებისა და ალმათის დეკლარაციის მიმართ. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის შეშფოთების მიუხედავად, ინკლუზიურობის ნაკლებობა და 5 აპრილს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის გადადება დაძაბულობის ესკალაციას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ნაცვლად ახალი გამყოფი ხაზების შექმნას გამოიწვევს.


ალიევმა გაიმეორა აზერბაიჯანის დიდი ინტერესი შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით იმ სფეროებში, რომლებიც ადრე განიხილებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.


სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის, ენერგეტიკისა და კლიმატის კუთხით პრიორიტეტებს. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლის მნიშვნელობა, რაც მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.


მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარზე გაზრდილ დაძაბულობას გამართლება არ აქვს. ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი მხარის აგრესიული ქმედებები და რიტორიკა ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს.

„მდივანმა გაიმეორა აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და მოუწოდა უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებისკენ,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.