რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირიებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს.
პესკოვი ამტკიცებს, რომ „რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება.“
„საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია,“ ამბობს პესკოვი.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კანონპროექტის ინიცირებაზე ქართული ოპოზიციის რეაქციაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა აბსურდულია,“ - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. „ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა,“ - აღნიშნა პესკოვმა.
თვალს ადევნებს თუ არა კრემლი საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებას, პესკოვმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა."
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია