სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. შესაბამისი განცხადება მან დღეს პრესკონფერენციაზე, შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.


„ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, ვინაიდან, ეს რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას.


საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა NATO-სა და ევროკავშირს დაუხლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ქართველმა ხალხმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.


ამდენად, ვშიშობ, რომ ნებისმიერ კანონს, რომელსაც  “უცხოური აგენტების” ეს იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ასევე ოპერირებენ საერთაშორისო დონეზე და საქართველოშიც, და ის ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.