სასამართლომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერ ზურაბ მახარაძეს, ამავე პარტიის კიდევ ერთ წევრს გიორგი გოგიას, ჯგუფური ძალადობის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს, 5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა.
ზურაბ მახარაძემ და გიორგი გოგიამ განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და უდანაშაულოები არიან. ზურაბ მახარაძის თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას, რადგან უდანაშაულოა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება “წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლად” შეაფასა.
ბრალდების ინფორმაციით, ზურაბ მახარაძემ და გიორგი გოგიამ 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირზე ფიზიკურად იძალადეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ზურაბ მახარაძემ ერთი პირის, ხოლო გიორგი გოგიამ ორი პირის მიმართ იძალადა.
ბრალდებულების ადვოკატმა სერგო ხურციძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მისი თქმით, ზურაბ მახარაძე და გიორგი გოგია უდანაშაულო არიან, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით კი დაადასტურა რომ მიკერძოებულია და პროკურატურის მითითებებს ასრულებს.
ბრალდება ზურაბ მახარაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გიორგი გოგიას „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) 3 აპრილს წარედგინა.