გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (ohchr) ოფისი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„საქართველო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას,“ - წერია განცხადებაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.