როგორია რეალურად ვითარება ბრძოლის ველზე და რას შეიძლება, ველოდოთ უახლოეს მომავალში და განიხილება თუ არა იდეა უკრაინის საზღვრებთან რაიმე სახის „უსაფრთხოების ხაზის“ შექმნის შესახებ, მოკავშირე ქვეყნების დასაცავად? მედიის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ვითარება ბრძოლის ველზე რთულია და ეს არის არგუმენტი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზება.
„არსებობს ორი შესაძლო სცენარი. ერთი ის არის, რომ NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ მეტი მხარდაჭერის მობილიზება და რომ უკრაინას შეუძლია მეტი ტერიტორიის დაბრუნება. და მეორე სცენარი არის ის, რომ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. და მაშინ არის რეალური რისკი იმისა, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს და ჩვენ კიდევ უფრო საშიშ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საქმე ისაა, რომ უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა არის ძლიერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოლა, რადგან მხოლოდ ამ გზით დარწმუნდება პრეზიდენტი პუტინი, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.
ეს არის ერთადერთი გზა, რათა დარწმუნდეს ის, რომ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - რაიმე მისაღები გადაწყვეტის შესახებ, სადაც უკრაინა დომინირებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინელებმა აჩვენეს, რომ უაღრესად ქმედუნარიანები არიან.
მათ შეუძლიათ, გამოიყენონ მოკავშირეების მიერ მოწოდებული მასალა, აღჭურვილობა. გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს ომი. ეს დაიწყო იმით, რომ ექსპერტების უმეტესობას სჯეროდა, რომ რუსეთი უკრაინაზე კონტროლს რამდენიმე კვირაში დაამყარებდა, ხოლო კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. ასე არ მოხდა. უკრაინელებმა გაათავისუფლეს ტერიტორიის 50%, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. მათ შეძლეს წარმატებული ღრმა დარტყმების მიტანა რუსეთის ხაზების მიღმა სხვადასხვა სამხედრო სამიზნეებზე და შეძლეს შავ ზღვაში დერეფნის გახსნა - მრავალი რუსული გემის ჩაძირვით.
ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით. ასე რომ, თუ NATO-ს მოკავშირეები მოგვაწვდიან იმას, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს, მაშინ მე ნამდვილად ვიქნები დარწმუნებული, რომ უკრაინელები შეძლებენ ახალი წარმატების მიღწევას,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.