,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ იზიარებს პოზიციას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იყოს წარმოდგენილი.
მისი თქმით, ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი და ჩადენილი აქვს.
ბოკერიამ აღნიშნა, ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა მეტად შემზარავად ხატოვან დეტალებში, რამდენად საშიშია ეს ხალხი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.
„ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად და სასურველია, არჩევნების გზით. ეს ხდება კიდევ უფრო ფართო წნევისა და კონსენსუსის საგანი მთლიანად საზოგადოებაში იმის გამო, როგორი საშიშებიც არიან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს, ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, დრამატული ბედი ელოდებათ.
ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც ამ ხელისუფლების წასვლაა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო, იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი და ჩადენილი აქვს - გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღაღიბაშვილი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა იყოს.