ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებზე - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებზე და არა კონტინენტის სტრატეგიული ავტონომიისკენ სწრაფვაზე. ალიანსის გენერალური მდივანი AFP-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიესალმება ბრიუსელის მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხარჯების გაზრდისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაუმჯობესებისკენ.

„მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის მცდელობებს თავდაცვის სფეროში, რადგან თავდაცვის ხარჯების ზრდა, ახალი სამხედრო შესაძლებლობები კარგი იქნება ევროპული უსაფრთხოებისათვის, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ყველასთვის”, - განუცხადა მან AFP- ს.

„ევროკავშირის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი NATO-ს წევრ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ალიანსის თავდაცვის ხარჯების მხოლოდ 20 პროცენტი მოდის NATO-ევროკავშირის წევრებზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, NATO ბევრი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის არის რუსეთის მხრიდან მეზობელი სახელმწიფოების უფლებების ხელყოფა, საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერშეტევები.

„არ მჯერა მხოლოდ ევროპის. მე არ მჯერა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის. მჯერა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის საერთო სტრატეგიული სოლიდარობის NATO-ში. არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანას ან რომელიმე კონტინენტს მარტო შეუძლია, მართოს ჩვენ წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. კავშირის შესუსტების, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა, არამარტო დაასუსტებს NATO-ს არამედ გაყოფს ევროპას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.