დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში.
“მოხარული ვარ სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრას ვუმასპინძლო. პირობას ვასრულებთ, რომელიც გასულ ოქტომბერს დავდეთ. პირობა, რომ მხარში დავუდგეთ სომხეთს და ამავდროულად, პირობა, რომ ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის ხედვა დავსახოთ და დღეს ამაზე ვისაუბრებთ.
ეს ხედვა ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება სომხეთისთვის გამძლეობისა და ზრდის გეგმით. 270 მილიონი ევრო გრანტებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ინვესტირებას გავაკეთებთ, რომ სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკებისადმი უფრო გამძლე გავხადოთ.
მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესებს, თქვენს ტალანტებს, განსაკუთრებით, თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ დაეხმაროთ ზრდაში, ინოვაციებსა და ახალი ბაზრებისადმი წვდომაში.
ინვესტირებას მოვახდენთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტრო კაბელში, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ტრანსმისიის გზაა. მას განსაკუთრებით შეუძლია სუფთა, განახლებადი ენერგიის ევროპაში მიტანა. მზად ვართ, მას მხარი დავუჭიროთ. პარალელურად, გავაგრძელებთ ინვესტირებას სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში. ჩვენ ასევე ვიკვლევთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტს, თუ/როცა ამის საშუალება იქნება. ამ კონტექსტში მივესალმები სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება სომხეთის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ „არსებული გამოწვევების მიუხედავად“ განახორციელა. „ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად მიიღო. განსაკუთრებით, რათა უზრუნველეყო, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები რუსეთის სამხედროების ხელში არ აღმოჩნდება. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.