- ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს. ამის შესახენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ლაიენთან სამმხრივი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში განაცხადა.
ბლინკენის თქმით, სომხეთისთვის რეგიონული ინტეგრაცია უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაღებია.
„ჩვენ ვხედავთ უფრო ინტეგრირებულ სამხრეთ კავკასიას ახალი სატრანსპორტო მარშრუტებით, ენერგეტიკული თანამშრომლობით, ტელეკომუნიკაციებით,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, შესაძლებლობების გაფართოებას და მშვიდობისა და შერიგების მცდელობებს.
სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს ძლიერი მომავლის პერსპექტივა რეგიონთან, რომელიც უფრო მეტად ინტეგრირებულია და რომელიც სარგებელს მოუტანს ხალხს, ასევე, ყველა ჩართულ ქვეყანას.
„შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს სურთ დაგეხმაროთ ამ გზაზე,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
„ჩვენ ვიზიარებთ სომეხი ხალხის ხედვას მომავლის შესახებ, გვსურს, სომხეთმა დაიკავოს თავისი ადგილი, როგორც ძლიერმა, დამოუკიდებელმა ერმა, რომელიც დაკავშირებულია რეგიონთან და მსოფლიოსთან. შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს სურთ, იყვნენ პარტნიორები ამ ძალისხმევაში,“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ, კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგრადობისადმი, სასურსათო უსაფრთხოებაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციასა და პრემიერ-მინისტრის მიერ დასახულ სხვა პრიორიტეტებში ინვესტიციებით. მან აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მთიანი ყარაბაღიდან დევნილი 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხის მხარდაჭერას.
-
ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა
-
ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს
ფონ დერ ლეიენმა თავის მხრივ, ასევე მხარი დაუჭირა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ უარყო. აზერბაიჯანის მთავრობა ცდილობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი საავტომობილო და სარკინიგზო კავშირის შექმნას, რომელიც სომხეთის სამხრეთით გაივლის, საუბარია ზანგეზურის დერეფანზე.
აზერბაიჯანი, რომელიც ბუნებრივი გაზის მთავარი ექსპორტიორია ევროკავშირში, სამმხრივი შეხვედრის გამართვის წინააღმდეგი იყო. მოლაპარაკებების დაწყებამდე ფონ დერ ლაიენი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ცდილობდა დაერწმუნებინა ის ბრიუსელის შეხვედრების გაგრძელებაში - "განახლებადი ენერგიის, სატრანსპორტო კავშირების, ენერგოუსაფრთხოების და სხვა საკითხების მიმართულებით.“
დღესვე სამმხრივი სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, „ახალი და ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგის“ ფარგლებში, 270 მილიონ ევროს გამოყოფს სომხეთისთვის, ბიზნესისა და ინდუსტრიის მხარდასაჭერად.
„ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს სომხეთის ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად, რაც მათ შოკებისადმი უფრო გამძლეს გახდის,“ დასძინა ლაიენმა და განმარტა, რომ თანხები გამოიყოფა ელექტრიფიკაციისა და განახლებადი ენერგიის ახალი პროექტებისთვის.
როგორც Politico წერს, ეს ნაბიჯი მას შემდეგ იდგმება, რაც სომხეთი მის ყოფილ მოკავშირესთან, რუსეთთან კავშირების გაწყვეტაზე მუშაობს. მეზობელ აზერბაიჯანთან გამწვავებული დაპირისპირების ფონზე, სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა თავისი წევრობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ CSTO-ს სამხედრო ალიანსში. ერევანმა აშშ-ის ჯარები ქვეყანაში წვრთნების ჩატარების მზინით მოიწვია, გაუგზავნა დახმარება უკრაინას და თავადაც ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში.
„ჩვენ მივესალმებით სომხეთის ძალისხმევას დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით,“ - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის ფარგლებში.