საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ნაბიჯს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას სარკასტული პოსტით აკრიტიკებს.

„ერთი მხრივ, ევროკავშირი, NATO, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.


შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენ გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა,“ - წერს მიხეილ ჯანელიძე.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.