ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 25-26 ივნისს ჩატარდება

ეუთომ ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. მასში აღნშნულია, რომ უაღრესად რთული რეგიონული და გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება GID პროცესისადმი, როგორც ერთადერთი პლატფორმისადმი, სადაც კონფლიქტის შედეგები 2008 წლიდან განიხილება.


მისივე ეთანახმად, მონაწილეებმა 2023 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო რაუნდის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და ის შედარებით სტაბილურად შეაფასეს. მოხდა აზრთა ფართო და არსებითი გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ძირითადი საკითხების შემდგომი გადაწყვეტის გზებზე, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობაზე.


ამასთან, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, იფიქრონ ინოვაციურ მიდგომებზე, რათა კონსტრუქციული ჩართულობით მიაღწიონ პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ზოგიერთი მონაწილის გასვლის გამო ვერ მოხერხდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 25-26 ივნისს ჩატარდება.


ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.

მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.


გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).