ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტერიტორიის დათმობისკენ უბიძგებს.
კერძოდ, ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებდა, უკრაინას მოუწოდებს, დათმოს ყირიმი და დონბასის ნაწილები.
როგორც რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, მან ტრამპი გააფრთხილა პუტინისთვის ტერიტორიის გადაცემის წინააღმდეგ, რადგან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა საფასური უნდა გადაიხადოს.
განახლება: დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ „ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს, სიცრუეა.“
„ეს ყველაფერი The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციაა. ისინი ამას უბრალოდ იგონებენ. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვინც მკვლელობების დასრულების შესახებ საუბრობს. ჯო ბაიდენი კი, მეტი სიკვდილის შესახებ საუბრობს,“ - განაცხადა მილერმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ამერიკელების წინააღმდეგ“ წავა თუკი ის რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს უკრაინის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ცნობით. კიევში საუბრისას ზელენსკიმ განმარტა, რომ „ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ) პუტინის მხარეს.“
„ეს დაუჯერებელია,“ ციტირებს ზელენსკის სიტყვებც CNN.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ტრამპი, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, არ ესმის პუტინის მიზნების.
„ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ ის მას შეხვედრია, მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს...“ მე უკეთესად მესმის... ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ რომ რუსეთი „მილიარდებს“ ხარჯავს ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და რომ მან წარმატებით გამოიყენა დეზინფორმაცია იარაღად - გავლენა მოახდინა აშშ-ში დებატებზე.
„უკრაინელი მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი ცრუ ნარატივებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია, მაგრამ - ერთი პირობით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება. მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს.
„დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ,“– განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის მაუწყებელ Channel 4 News-თან.
ზელენსკიმ განმარტა, რომ თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების "ფორმულა", მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა.