პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს, სულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი, აღიარებული და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
„ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, იმისთვის, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება. მადლობა ფინანსთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების მომზადებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.