დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ.
როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე Europetime-თან საუბარში აცხადებს, ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს.
მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნაა ბრალდებულები უმკაცრესად დაისაჯონ.
,,ერთადერთი მოლოდინი რაც ოჯახს გააჩნია ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგის დედამ დააფიქსირა თავისი და მისი მეუღლის პოზიცია სასამართლოს წინაშე და მოითხოვა ბრალდებულების უმკაცრესად დასჯა, ასე, რომ გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა ოჯახს სხვა მოლოდინი არ აქვს", - განაცხადა ნიკოლაძემ.
პროცესთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს საქმეზე დაკავებული რაგბისტის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველს, ბექა ნემსიწვერიძეს.
Europetime-თან საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოში განხილული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არათუ დაკავებულების ბრალეულობა, არამედ საერთოდ დანაშაული, რომ მოხდა, მკვლელობა ისიც არ დასტურდება.
,,იქიდან გამომდინარე, რომ 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვიკვლევდით მტკიცებულებებს, რაც წარმოადგინა სასამართლოში ბრალდების მხარემ და გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც დაადასტურებდა, როგორც ჩემი დაცვის ქვეშმყოფის ბრალეულობას, ასევე სხვა ნებისმიერი პირის, რომელიც ბრალდებულია ამ საქმეზე, მოლოდინი გვაქ რა თქმა უნდა, რომ გამამართელებელი განაჩენი დადგება.
სასამართლოში ბრალდების მხარემ არა მხოლოდ ის ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებულებს რაიმე შემხებლობა აქვთ აღნიშნულ დანაშაულთან, არამედ საერთოდ დანაშაული რომ მოხდა, მკვლელობა, ისიც ვერ დაადასტურეს.
სახეზეა, რომ გარდაცვლილია გიორგი შაქარაშვილი და ეს უდავოა,უდავოა რომ მას დაზიანებები ჰქონდა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს დაზიანებები რომელიმე პირის მოქმედების შედეგად ჰქონდა მას მიყენებული და მითუმეტეს რომ გარდაცვალება გამოწვეული იყო ამ პირების ქმედების შედეგად , ასეთი მტკიცებულება საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი არ არის.
ვთვლით, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს გამოტანილი, თუ რა თქმა უნდა სასამართლო სამართლებრივად მიუდგება ამ საქმეს და არ დაექვემდებარება საზოგადოებრივ აზრს, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ", - ამბობს ნემსიწვერიძე.
გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ თუკი სასამართლო გამამართლებელ განაჩენს არ გამოიტანს, დაცვის მხარე კანონით მონიჭებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.
,,ამ ეტაპზე რადგან იურისტები ვართ სამართლებრივ ჭრილში ვუყურებთ საკითხს და რა თქმა უდნაარც კი განვიხილავთ, რომ სხვა შედეგი შეიძლება დადგეს და თუ მაინც სხვაგვარი შედეგი დადგება ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, კანონიტ მონიჭებული უფლებები რაც არის. ჯერ საქართველოში და მერე ვნახოთ. ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რა შედეგს მივიღებთ", - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეეხება საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანებს, ერთ-ერთი ბრალდებული ზ.ხ-ს უფლებადამცველი გიორგი გეხლაური Europetime-თან საუბარში ამბობს, რომ
,,ჩვენ დაახლოებით 300 საათი, შესაძლოა უფრო მეტი ამ საქმის განხილვას მოვანდომეთ, მტკიცებულებების გამოკვლებას. დეტალურად მოხდა ყველა იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ. ამ მტკიცებულებებს თუ შევაჯამებთ და ანალიზს გავუკეთებთ, არცერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე სახის შემხებლობას არასრულწლოვანისა და გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის. არც მოწმის ჩვენება, არც ექსპერტიზის დასკვნა, ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, რომელიც დაადასტურებს თუ რა ვითარებაში მოხდა იმ დაზიანების მიყენება, რომელიც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა სხეულზე და შემდეგ უკვე, როგორ აღმოჩნდა წყალში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვერსიები რომ, სავარაუდოდ, ეს პირები ჩაიდენდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას, ეს არის აბსურდი და სასამართლო ეჭვებზე და ვარაუდებზე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ მიიღებს, ამიტომ მოლოდინი იმის, რომ იქნება ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება ეს არის გამამართებელი განაჩენი არასრულწლოვანთან მიმართებაში", - განაცხადა გელხაურმა.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შემდეგ ინსტანციაში ბრალდების მხარეს, პროკურატურად მოუწევს, რადგან საქმეზე ზ.ხ-ს გამამრთლებელი შედეგი დადგება.
,, სიმართლე, რომ გითხრათ მოლოდინი სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის მაქვს, რომ ექნება პროკურატურას და მას მოუწევს ამ განაჩენის გასაჩივრება, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიებზე არ შეიძლება იქნას გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე სახით იქნება მიუღებელი, შემდეგ ინსტანციებში მოხდება გასაჩივრება.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.