„უცხოური აგენტების“ კანონპროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი დაიწყებს, დიპლომატებისა და ზურაბიშვილის შეხვედრის ფონზე დაანონსდა პრეზიდენტის ვეტო

პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტების და აქტივისტები აქცია მიმდინარეობდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს.


მისი თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს საკითხი, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო მასზე საუბარი, “რისი პირობაც შარშან დაიდო.”


„ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა.


ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს,” - განაცხადა მსხილაძემ.


პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან განიხილა.~


„როგორც შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია - ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს.


დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას,“ წერს ადმინისტრაცია.


„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიის [28 ივნისი] დასრულებამდე.

გასულ წელს, იგივე კანონპროექტი, წამყვანი იურიდიული კომიტეტის გარდა, საგარეო და თავდაცვისა კომიტეტების გაერთიანებულ კომიტეტზე განიხილეს და სხდომას სწორედ ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა. წელს, პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.

ოპოზიციამ მოითხოვა, რომ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსახილველად გადაეცეს სხვა კომიტეტებსაც, ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩათვლით.

„ა(ა)იპ-ების და მედიის დეკლარაციების ჩაბარების საკითხი არ არის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის განსახილველი… [საკითხი] არ ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არ განიხილავს ამ საკითხს, იმიტომ რომ არ არის ჩვენი კომპეტენციის სფერო,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.