მოსამართლე ამბობს. რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს „გონივრულ ვადაში“ გამოაცხადებს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, განაჩენს ის დღეს არ გამოაცხადებს, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოცხადებული.


დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს.

როგორც მან აღნიშნა, სამოსზე ნავთობპრდიქტების კვალი, ნებისმიერ იქ მყოფ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან წყლის ჭავლი იყო გაშვებული და გარემო დაბინძურებული იყო. მან პოლიციელებს, რომლებმაც ჩვენება მისცეს, პოლიტიზებულები უწოდა.


„პოლიციელების ჩვენებას მინდა გამოვეხმაურო, აგრესიულ მოქმედებებში გადავიდა საზოგადოებაო, საზოგადოება არ გადასულა პირველად აგრესიულ მდგომარეობაში, აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით დაიწყო. ამის შემდეგ მოხდა ქვის სროლა და ა.შ.

ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემს ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ "მოლოტოვის ქოტეილისგან" აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია. აქციაზე დაბინძურებული გარემო თუ იყო, წყლის ჭავლი იყო გაშვებული და თითოეულ ჩვენგანს შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი გვქონოდა.

ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წამართვეს ხელიდან, არ ვიცოდი ოქმზე ხელის მოწერა თუ იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი დაკავება იყო.

მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში.

დაკითხვაზე ზეწოლა იყო, ადვოკატის ყოლის უფლება არ მომცეს, ტელეფონიც წამართვეს," - განაცხადა გრიგორიადისმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრება თავად ბრალდებული გრიგორიადისიც.


მოსამართლე განმარტავს, რატომ მისცეს ლაზარე გრიგორიადისს დისტანციურად ჩართვის უფლება მაშინ, როცა წინა სხდომაზე ამას მოკლებული იყო. წინა სხდომა გადაიდო გრიგორიადისის გამოუცხადებლობის გამო. ზვიად შარაძის განმარტებით, ამჯერად ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას თან ახლავს არგუმენტი, რომ სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრებისას ლაზარე განიცდის შფოთვას, უჭირს კონცენტრაცია და ემოციების კონტროლი.


რადიო თავისუფლების ცნობით, მოსამართლე ზვიად შარაძემ სასამართლო სხდომა გახსნა - ლაზარე გრიგორიადისი პროცესს დისტანციურად ესწრება. სასამართლო სხდომისთვის შერჩეულია მცირე დარბაზი, სადაც 30-მდე ადამიანი ეტევა - ლაზარეს მხარდამჭერების ნაწილი სასამართლო დარბაზის გარეთ დარჩა.

სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.